გამოდის 1998 წლიდან
2011-06-06
„რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას“

რატომ ტირის ადამიანი
— რა გატირებს?
— რაღაც გამახსენდა.
— მაინც?
— აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.
— მერე რა გატირებს?
— ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.
— ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
— რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
— გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
— არ მინდა.
— რატომ?
— შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.
— მერე შენ ამის არ გეშინია?!
— შენ არ გეშინია?!
— რისი უნდა მეშინოდეს?!
— დასასრულის.
— დასასრული არ არსებობს.
— როგორ თუ არ არსებობს?!
— ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
— მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
— რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.
— თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?
— კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს-მეთქი.
— მაშ რატომ ტირიან ადამიანები?
— ეშინიათ და იმიტომ.
— რისი ეშინიათ?
— დასაწყისის. ვისაც არ ეშინია, ის არც ტირის.
— მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
— თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ — სიკვდილი უკვე დასაწყისია.
— იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
— მაშ, რატომ?
— შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.
— ეგ რამ გაფიქრებინა?
— ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს? ვტირით...
— მაგრამ რატომ არ განმეორდა?
— რა?
— შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
— შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.
— და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
— არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.
— იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.
— მერე აღარ იტირებს?
— არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.
— დაწერე რა.
— რა?
— მოთხრობა დაწერე ჩემზე.
— შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
— არა. იცი როგორ დაწერე?
— როგორ?
— ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.
— მერე?
— ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.
— მერე?
— ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

დავწერე
გოდერძი ჩოხელი


***
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 19 მაისს, გოდერძი ჩოხელის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მოიყარეს თავი. ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის მემკვიდრეობა საკმაოდ მრავალფეროვანი ექსპოზიციით წარმოჩინდა — გოდერძი ჩოხელის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული წიგნები, მის შესახებ დაწერილი პუბლიკაციები, ფოტომასალა, რომელზეც აღბეჭდილია კადრები მისივე ფილმებიდან და სამუშაო პროცესის დროს გადაღებული ფოტოები, რომელიც პირველად ნახა დამთვალიერებელმა, უამრავი პრიზი, ასევე უცნობი საზოგადოებისთვის და მასალები მწერლის პირადი არქივიდან.
„ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში“ — ბუნებრივია, ამ სიტყვების ავტორს, ალბათ, აღაფრთოვანებდა გამოფენაზე თავმოყრილი მისი თაყვანისმცემლები რომ ენახა, რადგანაც საქართველოში ერთი კი არა ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვისთვისაც მწერალი „არ დაჭკნა“... სევდიანი მუსიკის ფონზე გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით გადმოცემულმა „ადამიანთა სევდამ“ მისი მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის წამიერად მაინც გააკეთილშობილა „კაცთა მოდგმა“ , რომელიც „თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება“ და დედამიწა, როგორც მწერალი იტყოდა: მისი სულის გარშემო დაატრიალა — „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“ — გამოფენამ უსათაუროდ დარჩენილი ბევრი „მოთხრობა“ შეგვკრიბა — „ახლა ყველა ადამიანი მოთხრობაა. იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი“ — იქ მისულები ჩვენივე სათაურზე დაგვაფიქრა.
გამოფენა გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსმა ემზარ ჯგერენაიამ: „მაქვს პატივი გავხსნა დღევანდელი ღონისძიება, გამოფენა, რომელიც ეძღვნება ცნობილ ქართველ რეჟისორს, მწერალს, მრავალმხრივ ადამიანს გოდერძი ჩოხელს, მის შემოქმედებას. მე არ გახლავართ არც ლიტერატურის კრიტიკოსი და არც კინომცოდნე და, დაახლოებით, იმდენი ვიცი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე, რაც თითოეულმა თქვენგანმა, მაგრამ გავბედავ და ჩემს მოსაზრებას გეტყვით. თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკას, ფილოსოფიას და გნებავთ სოციოლოგიასაც აქვს ერთი საერთო ნიშანი — კრიტიკოსებს და ინტელექტუალებს ძალიან უყვართ ერთმანეთს დააშორონ ადამიანის პირადი გამოცდილება (ბიოგრაფია და ცხოვრება) მის შემოქმედებას და ადამიანის შემოქმედება განიხილონ მისი ბიოგრაფიიდან, განცდებიდან და ემოციებიდან განყენებულად. ეს სტრატეგია, ჩემი აზრით, სწორი არ არის, განსაკუთრებით კი ისეთი შემოქმედი ადამიანების ნაღვაწის გასაგებად, როგორიც გახლავთ გოდერძი ჩოხელი, რომლის ცხოვრება და ხელოვნება არის ერთიანი მთლიანობა — მის მიერ სამყაროს ემოციური განცდა და ეს გადატანილი ფილმში არის ერთი მთლიანი დიდი ადამიანი დატვირთული თავისი უნარებით, გენიალობით, ნიჭით. გოდერძი ჩოხელის შემთხვევაში, ეს არის სიტყვა გადმოტანილი კინოში და კინო გასიტყვებული, რაც შეიძლება ზოგადად არა, მაგრამ ქართული სინამდვილისთვის ნამდვილად იშვიათია. მისი რამდენიმე ინტერვიუ მაქვს წაკითხული, სადაც წერს, რომ ჯერ კინოს იღებს და მერე წერს ტექსტს, მაგრამ ეს, ალბათ, პარალელური პროცესი იყო. სამყაროს — ყველაფერს — ხედავდა ფერებში. როცა ვამბობთ სიტყვას — ყველაფერს, არც ერთ ენაში ფერს ასეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ქართულში. კინო და მხატვრობა არის ის, რაც ფერებით გადმოსცემს სამყაროს, ჩვენი სიტყვები, ჩვენი ქართული ენა ასე მეზობლობს ფერებთან და მთელი სამყაროს ხატოვან აღქმასთან. ეს არ არის პრიმიტიული კულტურა, ეს ჩვენი კულტურის სპეციფიკური ნიშანია — სამყაროს ფერებით განცდა და გაგება. დღეს ჩვენ გვაქს ბედნიერება, გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ვიხილოთ მთლიანად: მისი პიროვნებით, გამოცემული წიგნებით, სურათებით და ა.შ. და მთლიანობაში აღვიქვათ ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ქმნიდა და ამდიდრებდა ხელოვნებას. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა ნინო წიკლაურს, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია, ეს საღამო მისი ჩანაფიქრია.“
მაია წიკლაური, მწერალი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ბოლო დროს მზარდი ინტერესი იგრძნობა ამ მწერლისადმი. მისი შემოქმედება ამას მართლაც იმსახურებს, რადგან ძალიან ქართული, ეროვნული, ფოლკლორზე დაფუძნებული, სუფთა ქართულით დაწერილი და ზნეობის მაგალითის ნიმუშია.
გოდერძი ჩოხელის შემოქმედება ერთი მთლიანობაა, მხედველობაში მაქვს მისი მწერლობა, კინორეჟისურა და დრამატურგია. მან ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა ქართულ მწერლობაში, ლიტერატურაში და ქართულ კინოშიც, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ვფიქრობ, კინომ უფრო მეტად და სწრაფად დააფასა ეს ღვაწლი, ვიდრე ლიტერატურამ, ამიტომაც აუცილებლად უნდა შევავსოთ ეს.
გოდერძი ჩოხელი, ერთი შეხედვით, ძალიან უბრალოა (ყველაფერი გენიალური ხომ უბრალოა), ამიტომაც მისი აღქმა უბრალოდ არ შეიძლება, არის ძალიან ღრმა, მისი შემოქმედება უფრო ფილოსოფიური დღიურებია, ვიდრე მხოლოდ ლიტერატურა. ძალიან კარგია, დღეს ასეთი ღონისძიება რომ მოეწყო და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როცა ამას ახლგაზრდა თაობა აკეთებს. მინდა წარმატება ვუსურვო ამ გამოფენას და ბევრი გამოხმაურება.“
ზაზა აბზიანიძე, მწერალი: „ერთსა და იმავე დროს ძალიან სასიხარულო და გულსატკენი მიზეზი გვაქვს დღევანდელი შეკრებისა. არიან მწერლები, რომელთა წიგნიც კვდება, იმავე დღეს, რა დღესაც მისი ავტორი მიდის ამქვეყნიდან. გოდერძი ჩოხელის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, იმიტომ კი არა, რომ მას სიცოცხლეში მკითხველი აკლდა, მაგრამ მისმა წასვლამ რაღაცით აგრძნობინა ქართველ მკითხველს, რომ ეს აუნაზღაურებელი დანაკარგია — მისი პირადი ნაცნობობის სურვილი ყველამ გადაწყვიტა აენაზღაურებინა მისივე ლიტერატურის ნაცნობობით, მის წიგნებთან, მის ნაწარმობებთან მიახლოებით.
შეგიძლიათ მენდოთ, როგორც კრიტიკოსს და როგორც გამომცემელს, რომ გოდერძი ჩოხელი არის ერთ-ერთი იმ მწერალთაგანი, რომლის წიგნის ტირაჟები ჩვენნაირი პატარა და, გულწრფელად ვთქვათ, გაჭირვებული ქვყენისთვის, არის სრულიად გამაოგნებელი. ეს არის მისი მწერლური ღირსების გამოხატულება მკითხველისაგან.
ყველაზე მთავარი, რაც მას უნდოდა ეთქვა, მე ასე მგონია, იმ განსხვავებულ მსოფლაღქმაშია, რომელიც საერთოდ არ ახასიათებს ქართველ ადამიანს ან იშვიათად და რასაც რეფლექსი ჰქვია. ამ სიტყვის ადეკვატური ქართული სიტყვაც არ გვაქვს, ძალიან სიღრმისეულ, ტკივილიან დაფიქრებას გულისხმობს ცხოვრებაზე. ჩემთვის, საზოგადოდ, ყველაზე საყვარელი რომანის — „ადამიანთა სევდა“ — დასასრულს შეგახსენებთ: „რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. რა არის სიკვდილი? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არ ყოფნის სევდა.“ ამ რომანის ფინალი გამოდგებოდა ეპიგრაფად მისი ცხოვრებისა. აი, ამ სევდით იყო გაჟღენთილი მისი ცხოვრება, აი, ამ ტკივილმა დაღარა და გამოძერწა მისი იერი, არა მარტო გარეგნული, არამედ მისი ლიტერატურული იერი. ამ სევდიანმა ცხოვრებამ, ამ არაჩვეულებრივმა ბიოგრაფიამ, მისი სიკვდილის შემდგომ, დიდი სიხარული მოგვიტანა. მისმა სევდამ გვასწავლა, შეიძლება ითქვას, ზნეობრივი მაგალითი მოგვცა, რომ არ შეიძლება ადამიანი ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოს და ხანდახან, თავისთავთან მარტო დარჩენილმა, უნდა იფიქროს იმაზეც, რომ ვიღაც ძალიან სევდიანი კიდევ ცხოვრობს ამქვეყანაზე. მის შემოქმედებასთან მიბრუნება ყოველთვის იქნება ძალიან ღრმა და ადამიანისათვის ყველაზე სათუთ საგანთან, მოვლენასთან მიბრუნება და ამ მოვლენას — სევდა და ტკივილი ჰქვია.“
პრიზების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც, როგორც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ჩოხელმა გვითხრა, არაფრად თვლიდა:
— „ცოდვის შვილები“, 1989 წელი — 1990 წელს მონტე-კარლოს კინოფესტივალზე ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი;
— 1991 წელს იაპონიაში ჰიროსიმას საერთაშორისო სატელევიზიო ფილმების კინოფესტივალის ჟიურის მშვიდობის სპეციალური პრიზი.
„თქვენმა ნამუშევარმა სხარტად გამოხატა ის, რასაც ეფუძნება ერებს შორის წინააღმდეგობა, კონფლიქტი და ამით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე, რის გამოც გადაეცემა ეს პრიზი.“ — სატელევიზიო ფილმების მე-7 ფესტივალი, ჰიროსიმას მშვიდობისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე;
—1991 წელი — დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია „ოქროს არწივი“; საუკეთესო სცენარისთვის ჟიურის სპეციალური პრიზი;
—1992 წელი — კინოფესტივალი „ოქროს არწივი“ — პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, ფილმი „ცოდვის შვილები“;
— 2009 წლის 30 ოქტომბერი — მართლმადიდებლური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი, „წმინდა ანდრიას ჯვარი“; „სიტყვით ცოცხალი რწმენის მქადაგებელი, წუთისოფელში მარადიულობის აღმსარებელი, ორთავე სოფლის სევდისა და სიხარულის მოზიარე...
საქართველოს უკვდავებისათვის მავედრებელი გოდერძი ჩოხელი ჯილდოვდება ფესტივალის მთავარი პრიზით — „წმინდა ანდრიას ჯვარი.“
— „ლუკას სახარება“, 1998 წელი — ანაპის ფესტივალი „კინოშოკი“, პრიზი საუკეთესო სცენარისთვის;
— 1999 წელი, მართლმადიდებლურ კინოფესტივალზე — რუსეთის პატრიარქის ალექსეი მეორის მიერ დაწესებული პრიზი;
— „სამოთხის გვრიტები“ — მთავარი პრიზი „ლისტაპად“;
— „ადგილის დედა “ — 1982 წელი, გერმანია, ობერჰაუზენი — მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი (საქართველოში ფილმის მხოლოდ ერთი ასლი ინახება, ფირს სოკო აქვს და მთლიანად დაზიანებულია).

***
მის ხელნაწერებში ვკითხულობთ:
„რატომღაც მგონია, რომ ლექსის ამოთქმა, უპირველესად, მოყვასისა და ღმერთის წინაშე ლოცვაა, ამ ლოცვის დროს პოეტები გულსა და სულს ანთებენ სანთლად და ამ სანთლის ალთან წარმოთქმული ლოცვა იმდენად ანათებს, რამდენადაც მოყვასისა და ღმერთის წინაშე მსხვერპლად შემწირველთა მთქმელის გული და სული. ძალიან მინდა ჩემგან წარმოთქმულმა ამ „ლოცვებმა“ ცოტათი, სულ მცირედ მაინც, გაგითბოთ გული. ამით მე მართლა, ძალიან ბედნიერი ვიქნები.
მოკრძალებით და სიყვარულით გოდერძი ჩოხელი“.
ეს ლექსი კი მკითხველისათვის უცნობია, აგვისტოს ომის დროს მწერლის მამის სახლში ჩასულმა ოჯახის წევრებმა იპოვეს და სავარაუდოდ, ის გოდერძი ჩოხელის მოსწავლეობის ან სტუდენტობის დროსაა დაწერილი:

ჩემო საქართველოვ, შენ რომ გეკადრება
ძარღვში წინაპართა სისხლი მიჩქრიალებს,
უქმად ვერ ისვენებს, დაღვრას ეხარბება,
გვარად ჩოხელი ვარ, ჯიში მაქვს ეგეთი,
ჩემო საქართველო, შენ რომ გეკადრება.
ძარღვში წინაპართა სისხლი მიჩქრიალებს,
დღეს წმინდა ქართული სხვა რა მაბადია.
ოღონდ სამშობლოსთვის, ოღონდ სამშობლოსთვის,
პირველი იცოდეთ ჩემი სიკაცეა.
ძარღვში წინაპართა სისხლი მიჩქრიალებს,
რაღაც მაწვალებს და ფიქრში ვარ ჩართული.
რაღაც იგვიანებს, ვიღაც იგვიანებს,
და მაინც ბევრი გვაქვს ქართველებს ქართული.
ძარღვში წინაპართა სისხლი მიჩქრიალებს,
უქმად ვერა სძლებს და დაღვრას ეხარბება,
ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ქართველებს ქართული,
ჩემო საქართველოვ, შენ რომ გეკადრება!

ნინო ჩოხელი, გოდერძი ჩოხელის მეუღლე: „საჯარო ბიბლიოთეკამ მოაწყო ეს გამოფენა, ძალიან სასიამოვნოა და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო გოდერძის ერთად თავმოყრილი შემოქმედების ნახვა: მისი ფილმებიდან ფოტოები, პრიზები, არის წიგნები ბიბლიოთეკის ფონდიდან, ასევე თარგმანები, ხელნაწერები. ვფიქრობ, ვისაც გოდერძის შემოქმედება აინტერსებს, ეს გამოფენა მათთვის ძალიან შთამბეჭდავი იქნება. აქ წარმოდგენილი მასალებიდან ნაწილი ჩვენი ოჯახის საკუთრებაა. გაიმართება ფილმის ჩვენება და განხილვა. დღევანდელ ღონისძიებას ასეთი შემეცნებითი ხასიათი აქვს და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატორებისთვის, კრიტიკოსებისთვის, ახალგაზრდებისთვის. ვიცი, რომ არის ინტერესი, ხშირად ოჯახშიც მოდიან ჩვენთან და ათვალიერებენ მის პრიზებს, ფოტოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველაფერი გამოვფინოთ ბინაში, სადაც ვცხოვრობთ. გამოუქვეყნებელი არაფერი დარჩენია. აქ არის ერთი ლექსი, რომელიც მკითხველისთვის უცნობია (ერთხელ დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში). 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიპოვეთ ფასანაურში, გოდერძის მამის სახლში. ლექსი ძალიან ძველ ფურცელზეა დაწერილი, ეტყობა, მოსწავლეობის დროს. ძალიან პატრიოტული ლექსია „ჩემო საქართველო, შენ რომ გეკადრება“. ამ ლექსმა ომის დროს განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
შვილები არც ერთი არ გაჰყვა მამის გზას. ლუკამ ითამაშა მის ფილმში „ლუკას სახარება“, ნიკოლოზიც მონაწილეობდა ამ ფილმში, ასევე „მიჯაჭვულ რაინდში“, მაგრამ საბოლოოდ არც ერთი ხელოვნებას არ გაჰყვა. თუმცა, არც გოდერძის არ უნდოდა, შვილები ხელოვნებას გაჰყოლოდნენ, რადგან თვლიდა, რომ ძალიან რთულია ხელოვანის ბედი.
როგორი იყო გოდერძი? როცა ამ კითხვას მისვამენ ხოლმე, პირველი, რაც მომდის თავში, ეს არის მისი სიმართლე. ძალიან მართალი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული აზროვნება ჰქონდა, ტყუილის თქმა არაფრით არ შეეძლო.
კინოგმირებიდან ძალიან მოსწონდა და აფასებდა ზურაბ სტურუას, სულ განიცდიდა, რომ ზურამ ასეთი როლი ითამაშა „ლუკას სახარებაში“, ამბობდა: ეს აუცილებლად იმოქმედებდა მასზეო, არადა ძალიან კარგად ითამაშაო. კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და კარლო საკანდელიძე მისი უსაყვარლესი მსახიობები იყვნენ, ნინო ჩხეიძეს იღებდა სულ თავის ფილმებში. თავის ნაწერებიდან გამორჩეულად „ადამიანთა სევდა“ უყვარდა — ვაჟი გოგი მისი საყვარელი პერსონაჟია, გამიხარდას დარდების შემგროვებელი. შეიძლება სულ უმნიშვნელო გმირი ყოფილიყო, ჩვენთვის შეუმჩნეველიც კი, მაგრამ მას განსაკუთრებით ჰყვარებოდა.
გოდერძის რამდენიმე მოთხრობაში: „დავიწყების მდინარე“, „თხილობის ღამე“, „ვარდისფერი კაცი“ — ისეთი ადამიანები ჰყავს პერსონაჟებად, რომლებიც განსხვავებულები არიან საზოგადოებისაგან, ამქვეყნად იმისთვის მოდიან, რომ სხვას გაულამაზონ ცხოვრება, თუმცა მათ საზოგადოება — წუთისოფელი არ იღებს, ან კლავს, ან იშორებს... ეს გმირები ძალიან უყვარდა გოდერძის, მეც ძალიან მიყვარს, რადგან მათში, თითქოს, თავად გოდერძის ვხედავ. მისი ცხოვრებაც ხომ ასე დასრულდა.“
ნინო წიკლაური, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურის პროგრამების განყოფილების თანამშრომელი: „გამოფენაზე წარმოდგენილია გოდერძი ჩოხელის წიგნები ბიბლიოთეკის ფონდებში თავმოყრილი, ასევე, მის შესახებ დაწერილი წიგნები და პუბლიკაციები, მისი პირადი ნივთები, პრიზები, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ასევე წარმოდგენილია მწერლის ხელნაწერები. ჩვენ ვითანამშრომლეთ ოჯახთან, რომელიც დაგვეხმარა ამ გამოფენის მოწყობაში. დღესვე გაიმართა ფილმის „ადამიანთა სევდა“ ჩვენება, მოწვეული გვყავს ბატონი ოთარ პირტახია, რომელმაც ფილმის შესახებ დისკუსია გამართა.“
„კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“ — გოდერძი ჩოხელის ეს ტკივილიანი ფრაზა, აბა, როდის შეიძლება გაცვდეს, როდის შეიძლება მივიწყებას მიეცეს, მით უფრო დღეს „გამიხარდას“ დარდების შემგროვებლებს „დარდების“ შემგროვებლებმა რომ გადააჭარბა. მისი შემოქმედება მართლა ზნეობრივი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ „სული არ ამღვრევიათ“ („ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე ემღვრევა სული“)... და მისი ერთ-ერთი ზღაპრის — „ცასწასვლას“ პაწაწინა ჩიტივით, მაღლა, ცისკენ იყურებიან. ცაში აფრენას ნატრობენ. ჩიტივით, რომელიც, თითქოს, დასცინის სიმდიდრის მოხვეჭის დაუოკებელი სენით შეპყრობილ ადამიანებს. „მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს ცაში წასვლის სურვილი... ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.“
მწერალი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ჯერ კიდევ ბავშვობაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე (მაშინ, როცა მისი აღნიშვნაც იკრძალებოდა), ტელევიზიით ნაჩვენები ფილმით — „აღდგომა“ შემოვიდა და დამკვიდრდა, როგორც „ადამიანთა სევდის“ — ადამიანის ცხოვრების დანიშნულების საუკეთესო მთხრობელად, შიშველ განცდებად, რომელსაც დაფარვა არ სჭირდება. მისმა „ფილოსოფიურმა დღიურებმა“ სიკვდილის ღირსებები დაგვანახა: „სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს“. მწერლის მეგობარმა ტარიელ ხარხელაურმა ეს განცდა მისადმი მიძღვნილი ლექსით გამოხატა: „როგორ ლამაზი გახადე შიში სიკვდილის ცნებისა“. და უფრო მეტიც, გამოფენამ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ: „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე რისღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა“, „...და შენ, კუზიანო დედმიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“.
გამოფენას სხვაგვარად ვერ შევაფასებ, წერილს ისევ მწერლის სიტყვები დაასრულებს, როგორც დაიწყო: „ეს ჩემი სულის ლოცვებია, სიმარტოვეში დავწერე, მინდოდა რაღაცით გამეთბეთ. ღმერთო შემინდე. ისე ვილოცე, როგორც შევძელი“.
ლალი ჯელაძე

25-28(942)N